воскресенье, 28 декабря 2008 г.

მაჩაბელი და სიმღერა

სიმღერა ქართველ კაცს ოდითგანვე თან ახლდა შრომასა და ბრძოლაში, ჭირსა თუ ლხინში. შრომის დროს სიმღერა დაღლილობას ავიწყებდა, ძალ-ღონეს მატებდა გლეხკაცს; ქართველი ომში როცა მიდიოდა, მაშინაც მღეროდა და ვაჟკაცური სიღერით იმხნევებდა თავს. გმირული სიმღერები ლაშქარს ბრძოლაში შემართებას მატებდა და გამრჯვებისაკენ მოუწოდებდა. ეს დანიშნულება ჰქონდა საბრძოლო საბრძოლ-ლაშქრულ სიმღერას.
კრწანისის ბრძოლის დროს თბილისი ს მცხოვრებლებისაგან შედგენილ სპეციალურ რაზმს, რომელიც თავდადებით იბრძოდა მშობლიური ქალაქის დასაცავად, მეთაურობდა მეფის კარის მსახიობი (საზანდარი), დავით მაჩაბელი. ის ერეკლე მეფის კარზე ცნობილი პიროვნება ყოფილა, გვარეულობითა და სარწმუნოებით ქართველი. მაჩაბელი მიუძღოდა თბილისელთა რაზმს, ხელში ეჭირა ბარბითი ანუ დაირა და უკრავდა შადიანს, სალხინო მუსიკას, რომელიც მსმენელ მებრძოლებს სიმკვირცხლეს ჰმატებდა. მათ შეტევა მიიტანეს არა-მაჰმად-ხანის დროშებამდე. მოიტაცეს დროშები და მრავალი სპარსი ამოხოცეს მის თვალწინ. პოეტმა ლ.ასათიანმა ასე მოიხსენია თავის ლექსში ”სალაღობო” მაცაბელი და მისი სიმღერა:
დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!
მაშინ, როცა საბრძოლო სიმღერა პატრიოტულია და მეომრებს მეტი სიმხნევითა და თავდადებით ავსებს, ბრძოლისაკენ მოუწოდებს, შრომის სიმღერას გლეხი მუშაობის დროს მღეროდა. შრომის სიღერები ადამიანის საქმიანობას ასახავდა და სახელებიც ამის შესაფერისი ჰქონდა: ”ნადური”, ”მუშური”, ”თოხნური”, ”ყანური” და სხვა. საქართველოში, ქართლ-კახეთში შრომის სიმღერებს ”ოროველას” უწოდებენ.თითოეულს კი დანიშნულების მიხედვით ”კალოურს”, ”ნამგლურს”, ”გუთნურს”. ნადურ სიმღერებს გამამხნევებელი დანიშნულება აქვს. სიმღერა ამსუბუქებს შრომას და ახალისებს ადამიანს. ის ხშირად მუშაობის რიტმზეც მოქმედებს.